თავშესაფრის მაძიებელთა ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება

Hälso- och sjukvård för asylsökande – georgiska

თქვენ, როგორც შვედეთში თავშესაფრის მაძიებელს, გაქვთ უფლება, რომ გაგიწიონ სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურება, თუ ეს გადაუდებელია.

შვედეთში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებს აფინანსებს ოლქის ან რეგიონის საკრებულო. ეს დაწესებულებები მთელ ქვეყანაშია განლაგებული.

თუ ავად ხართ, ან დაზიანება გაქვთ, პირველ რიგში უნდა მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკას. ძირითადად საჭიროა წინასწარ დარეკვა, რომ დრო დაჯავშნოთ. თუ თარჯიმანი გჭირდებათ, დროის დაჯავშნისთანავე უთხარით. თუ ისეთი მდგომარეობა გაქვთ, რომ სასწრაფოს გამოძახებაა საჭირო, დარეკეთ ამ ნომერზე: 112.

ამ ტექსტის ბოლოს ნახავთ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მიაგნოთ იმ სამედიცინო მომსახურებას, რაც გჭირდებათ, სად უნდა მიმართოთ რჩევისთვის და სხვა ინფორმაციისთვის.

სამედიცინო მომსახურების უფლება

თუ შვედეთში თავშესაფრის მაძიებელი ხართ, გაქვთ სასწრაფო სამედიცინო და სასწრაფო სტომატოლოგიური დახმარების უფლება, ასევე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უფლება. თუ რა შემთხვევაში ითვლება, რომ სამედიცინო მომსახურება სასწრაფო და გადაუდებელია, ამას წყვეტს იმ ოლქის/რეგიონის შესაბამისი სამსახური, რომელსაც მიეკუთვნება სამედიცინო დაწესებულება. გაქვთ ასევე სამედიცინო მომსახურების უფლება მშობიარობის დროს, აბორტის დროს, ჩასახვის საწინააღმდეგო კონსულტაციის უფლება, დედათა ჯანმრთელობის მომსახურების, აგრეთვე, გადამდებ დაავადებათაგან დაცვის კანონის მიხედვით მომსახურების უფლება (კანონი, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს გადამდები დაავადებების გავრცელებას).

თავშესაფრის მაძიებელ ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ 18 წელი არ შესრულებიათ, აქვთ სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების იგივე უფლებები, რაც შვედეთში მცხოვრებ ბავშვებს. სამედიცინო მომსახურება ბავშვებისთვის ძირითადად უფასოა, მაგრამ შეიძლება იყოს განსხვავებები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბავშვისთვის ექიმის მიერ რეცეპტით გამოწერილი წამალი უფასოა.

როდესაც სამედიცინო მომსახურების პერსონალს ხვდებით, გაქვთ თარჯიმნის უფლება. დროის დაჯავშნისას უნდა განაცხადოთ, თუ თარჯიმანი გჭირდებათ.

ჯანმრთელობის გამოკვლევა

თავშესაფრის ყველა მაძიებელს სთავაზობენ ჯანმრთელობის გამოკვლევას. თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, რაც შეიძლება მალე მიიღებთ გამოძახებას უფასო სამედიცინო გამოკვლევაზე.

ჯანმრთელობის გამოკვლევა გავლენას არ ახდენს თქვენი თავშესაფრის საკითხზე. ეს გამოკვლევა ტარდება თქვენთვის, რომ რაც შეიძლება დროულად გაგიწიონ დახმარება, თუ ეს აუცილებელია. სამედიცინო გამოკვლევის დროს მოგცემენ რჩევებს ჯანმრთელობის საკითხებზე, შემოგთავაზებენ ანალიზების გაკეთებას, გაგაცნობენ ინფორმაციას შვედეთში პროფილაქტიკური და სამედიცინო მომსახურების შესახებ. სამედიცინო პერსონალი არ მუშაობს სამიგრაციო სამსახურისთვის და იცავს გაუთქმელობას.

ძალადობა და სექსუალური შევიწროება

თავშესაფრის მაძიებლთაგან ბევრს აქვს გადატანილი ძალადობა და სექსუალური შევიწროება ან თავის ქვეყანაში, ან როცა თავშესაფრისთვის შვედეთისკენ მოემგზავრებოდა. ასეთი ამბის შემდეგ ადამიანი თავს ცუდად გრძნობს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად. გარდა ფიზიკური დაზიანებისა, ასეთმა შემთხვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, შიშები, უძილობა. მოუყევით სამედიცინო პერსონალს, თუ რა გაწუხებთ. ისინი დაგეხმარებიან და გაგიწევენ შესაბამის სამედიცინო მომსახურებას.

შვედეთში კანონით აკრძალულია ძალადობის და სექსუალური შევიწროების ნებისმიერი ფორმა. პასუხისმგებელია ყოველთვის ის, ვინც ზიანი მოგაყენათ და არა თქვენ. თქვენ არასდროს დაგსჯიან იმისთვის, თუ სხვამ იძალადა თქვენზე ან სექსუალურად შეგავიწროვათ. ეს ასეა, მიუხედავად იმისა, თუ რა ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან. ეს ეხება, მაგალითად, მეუღლის გაუპატიურებას ან ბავშვის ფიზიკურ დასჯასაც. დაუკავშირდით პოლიციას, თუ თქვენზე ძალადობენ.

ქალთა წინადაცვეთა

ცნობილია, რომ ქალთა წინადაცვეთა მსოფლიოს მრავალ ნაწილშია გავრცელებული. ეს ნიშნავს გოგონას ან ქალის სასქესო ორგანოს ნაწილის წაჭრას. ქალთა წინადაცვეთა შვედეთში მთლიანად აკრძალულია და სერიოზულ დანაშაულად ითვლება. წინადაცვეთა ქალებში იწვევს როგორც ფიზიკურ, ასევე, ფსიქიკურ პრობლემებს. თუ თქვენ ან თქვენს გოგონას წინადაცვეთა გაქვთ გაკეთებული და ამის გამო პრობლემები გაქვთ, შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. დაელაპარაკეთ ამის შესახებ სამედიცინო გამოკვლევისას, ან მიმართეთ უახლოეს პოლიკლინიკას.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

გაქვთ უფლება იცოდეთ, თუ როგორ დაიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან და რა გააკეთოთ, რომ არც თქვენ გადასდოთ სხვას ასეთი დაავადება. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია, მაგალითად, ქლამიდია, ჰეპატიტი, გონორეა და აივ-ინფექცია, რაც მერე შიდსს იწვევს. თუ იცით, რომ რომელიმე ეს დაავადება გაქვთ, შვედური კანონის თანახმად, ვალდებული ხართ, რომ უთხრათ სამედიცინო პერსონალს, რათა გაგიწიონ სამედიცინო მომსახურება და დაავადება სხვას არ გადასდოთ. დაელაპარაკეთ ამის შესახებ სამედიცინო პერსონალს, როცა ჯანმრთელობის გამოკვლევაზე ხართ. თუ ზუსტად არ იცით, გაქვთ თუ არა დაავადება, ანალიზებს აგიღებენ.

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და დედათა სამედიცინო მომსახურება

შვედეთში დედათა სამედიცინო მომსახურება და მშობიარობა თავშესაფრის მაძიებლებისთვის უფასოა. ასევე უფასოა სამედიცინო მომსახურება აბორტის დროს. გაქვთ უფლება, რომ უფასოდ გაგიწიონ კონსულტაცია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე, რათა თქვენ თვითონ შეგეძლოთ იმის გადაწყვეტა, როდის უნდა გახდეთ მშობელი. როგორც გოგოებს, ასევე ბიჭებს აქვთ უფლება, მიიღნ ინფორმაცია როგორ დაიცვან საკუთარი თავი თუ სხვა ორსულობისგან.

არის ჩასახვის საწინააღმდეგო ბევრი საშუალება. კონდომების ყიდვა შესაძლებელია აფთიაქებში და კვების პროდუქტების მაღაზიებში. თუ სხვაგვარი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება გჭირდებათ, ექიმს ან მეანს შეუძლიათ გამოგიწერონ თქვენთვის შესაფარისი საშუალების რეცეპტი. რეცეპტით გამოწერილი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები უფასოა 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ქვეყნის ზოგ რეგიონში 25 წლის ასაკამდე შეღავათიანი ფასებია დაწესებული.

თუ ორსულად ხართ, დაელაპარაკეთ სამედიცინო პერსონალს, როცა ჯანმრთელობის გამოკვლევაზე დაგიბარებენ, ან დაუკავშირდით დედათა ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებას უახლოეს საავადმყოფოში, რომ გაარკვიოთ რა სახის სამედიცინო მომსახურება გჭირდებათ.

ფსიქიკური ავადმყოფობა

ჩვეულებრივ, თავშასაფრის მაძიებელი, რომელიც თავშესაფრის საკითხზე სამიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას ელოდება, განიცდის და დარდობს, თუ რა იქნება მომავალში. თავშესაფრის მაძიებელთაგან ბევრი თავს ცუდად გრძნობს იმის გამო, რაც გადაიტანა, ამასთანავე, დარდობს ოჯახის წევრებზე. თუ ადამიანი ფსიქიკურად თავს ცუდად გრძნობს, შეიძლება მას აწუხებდეს შფოთვა, შიში, უძილობა, ან შეპყრობილი იყოს დარდით და გრძნობდეს, რომ არაფრის ძალა აღარა აქვს.

თქვენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამისი დაწესებულება გაგიწევთ დახმარებას. დაელაპარაკეთ სამედიცინო პერსონალს, როცა ჯანმრთელობის გამოკვლევა გექნებათ. თუ შიშობთ, რომ თქვენი შვილი თავს ცუდად გრძნობს, დაელაპარაკეთ პერსონალს ბავშვთა პოლიკლინიკაში ან ბავშვის სკოლაში.

ფუნქციის დაქვეითება

თუ რომელიმე ფუნქციის დაქვეითება ან შეზღუდვა გაქვთ, ან თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება ასეა, დაელაპარაკეთ ამის შესახებ სამედიცინო პერსონალს ჯანმრთელობის გამოკვლევის დროს. ფუნქციის დაქვეითებაში იგულისხმება დაქვეითებული ფიზიკური, ფსიქიკური ან ინტელექტუალური უნარი.

თუ რომელიმე ფუნქციის დაქვეითება ან შეზღუდვა გაქვთ და ეს გიძნელებთ სამიგრაციო სამსახურთან კომუნიკაციას თავშესაფრის მოთხოვნისას, თქვენ დაგეხმარებიან, რომ ამან დაბრკოლება არ შეგიქმნათ. ფუნქციის დაქვეითება ადამიანს ხელს არ უშლის თავშესაფრის მოთხოვნაში ან ბინადრობის უფლების მოპოვებაში.

თუ ფუნქციის დაქვეითება ან შეზღუდვა გაქვთ და შვედეთში ბინადრობის უფლებას მიიღებთ, გექნებათ უფლება, გაგიწიონ დახმარება, რომ შეძლოთ შვედურ საზოგადოებაში ინტეგრაცია.

სტომატოლოგიური დახმარება

სრულწლოვან თავშესაფრის მაძიებელს აქვს უფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში გაუწიონ სასწრაფო სტომატოლოგიური დახმარება. გჭირდებათ თუ არა სასწრაფო სტომატოლოგიური დახმარება, ან რა სახის დახმარება უნდა გაგიწიონ, ამას შეაფასებს კბილის ექიმი. ბავშვებს აქვთ როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე, პროფილაქტიკური მკურნალობის უფლება კბილის ექიმთან. სტომატოლოგიური მომსახურება ბავშვებისთვის მთელ შვედეთში უფასოა.

თუ სტომატოლოგიური მომსახურება გჭირდებათ, უნდა მიაკითხოთ საზოგადოებრივ სტომატოლოგიურ კლინიკას ან რომელიმე სხვა კბილის ექიმს, რომელზეც ოლქის ან რეგიონის საკრებულო მიგითითებთ.

მხედველობის გამოკვლევა

თუ ამჩნევთ, რომ სათვალე გჭირდებათ, მიდით ნებისმიერ ოპტიკოსთან და ჩაიტარეთ მხედველობის გამოკვლევა. თუ თქვენთვის სათვალე აუცილებელია, ოპტიკოსი დაგიწერთ ცნობას, რომელსაც მიიტანთ სამიგრაციო სამსახურში და ითხოვთ განსაკუთრებულ შემწეობას ამისთვის. სამიგრაციო სამსახურის საქმის მწარმოებელი მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოგიყოფენ თუ არა განსაკუთრებულ ეკონომიკურ დახმარებას სათვალისთვის. მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეგიძლიათ, რომ შეუკვეთოთ სათვალე.

წამალი

აფთიაქში შეგიძლიათ იყიდოთ სხვადასხვა სახის წამლები და ჯანმრთელობის დაცვის სხვა ნაწარმი. ასევე, აფთიაქში ყიდულობთ წამალს, რომლის რეცეპტიც ექიმმა გამოგიწერათ. არ დაგავიწყდეთ, რომ რეცეპტიანი წამლის ყიდვისას აჩვენოთ თქვენი LMA-ბარათი. ექიმის გამოწერილი წამლების ურავლესობისთვის შეღავათიან ფასს გადაგახდევინებენ.

მეტი ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ

  • ამ ვებგვერდზე www.1177.seexternal link, opens in new window არის მრავალ ენაზე თარგმნილი ინფორმაცია დაავადებათა შესახებ და სამედიცინო მომსახურების შესახებ შვედეთში. აქვე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უახლოესი პოლიკლინიკის და კბილის ექიმის ტელეფონის ნომრები.
  • შეგიძლიათ დაურეკოთ სამედიცინო გზამკვლევს ამ ტელეფონის ნომერზე 1177. დაგელაპარაკებათ ექთანი, რომელსაც შეუძლია, რომ გიპასუხოთ ბევრ შეკითხვაზე და მოგცეთ რჩევა სამედიცინო მომსახურების შესახებ. ექთანს შეუძლია შეაფასოს გჭირდებათ თუ არა ექიმთან მისვლა და გირჩევთ, სად უნდა მიმართოთ, თუ ეს საჭიროა.
  • თუ ფსიქიკური პრობლემები გაქვთ, შეგიძლიათ დარეკოთ სამედიცინო მომსახურების დახმარების ხაზზე, ტელეფონის ნომერია 0771‑22 00 60. გაგიწევენ დროებით ფსიქოლოგიურ დახმარებას ტელეფონზე ნებისმიერ დღეს 13-იდან 22 საათამდე. შეგიძლიათ იყოთ ანონიმური.
  • ვებგვერდზე www.rfsu.se/uposexternal link, opens in new window არის მოკლე საინფორმაციო ფილმები, თუ გსურთ, რომ მეტი იცოდეთ სხეულის, სექსუალობის და ჯანმრთელობის შესახებ. ფილმები მრავალ სხვადასხვა ენაზეა. აქვე შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად, ფილმები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე, მშობიარობაზე და ორსულობაზე.
  • ამ ვებგვერდზე www.youmo.seexternal link, opens in new window სხვადასხვა ენაზე არის ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის ჯანმრთელობის, სექსის, ურთიერთობების და კიდევ მრავალი სხვა საკითხის შესახებ.
  • ქალთა დაცვის ხაზი გთავაზობთ რჩევას და მხარდაჭერას იმ ქალებს, ვის მიმართაც მიმდინარეობს მუქარა, ან ფიზიკური, ფსიქიკური თუ სექსუალური ძალადობა. მათი ნომერია 020‑505050. თუ დაურეკავთ, რამდენიმე წუთში მონახავენ თარჯიმანსაც. ამ ხაზის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხავთ აქ: kvinnofridslinjen.seexternal link, opens in new window. ინფორმაცია რამდენიმე ენაზეა.
  • თქვენი მიმღები განყოფილების ან საცხოვრებლის პერსონალი დაგეხმარებათ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში და მიგასწავლიან, სად უნდა მიმართოთ სამედიცინო მომსახურებისთვის თქვენი საცხოვებელი ადგილის მიხედვით, თუ ავად ხართ.

შეღავათიანი მგზავრობა საავადმყოფოს ნებართვით

თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეგიძლიათ, რომ სამედიცინო დაწესებულებამდე თქვენ თვითონ მიხვიდეთ, შეგიძლიათ დაჯავშნოთ შეღავათიანი მგზავრობა საავადმყოფოში. თუ ამას სამედიცინო მიზეზით აკეთებთ, სახლიდან საავადმყოფომდე ან პოლიკლინიკამდე და შემდეგ იქიდან სახლამდე მგზავრობისთვის გადახდილი ფული შედის სამედიცინო ხარჯებში, რომლის ნაწილიც შეიძლება აგინაზღაურონ. გეკუთვნით თუ არა შეღავათიანი მგზავრობა სამედიცინო მიზეზებით, ამას წყვეტს ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მომსახურებას გიწევენ. დარეკეთ სამედიცინო გზამკვლევზე, რომლის ნომერია 1177, რათა მიიღოთ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, თუ რა წესებია იმ ოლქში თუ რეგიონში, სადაც თქვენ ცხოვრობთ.

უფრო ვრცლად იხილეთ www.1177.se/sa-fungerar-varden/sjukresor-och-fardtjanst/sjukresor/ (მხოლოდ შვედურ ენაზე)external link, opens in new window

თან იქონიეთ თქვენი LMA-ბარათი

როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში ხართ, ან რეცეპტიანი წამალს ყიდულობთ აფთიაქში, აუცილებლდ აჩვენეთ თქვენი LMA-ბარათი. თუ LMA -ბარათი ჯერ არ აგიღიათ, აჩვენეთ ქაღალდზე ამობეჭდილი თავშესაფრის მაძიებლის მოწმობა. LMA -ბარათის ჩვენების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის შეღავათიან ფასს გადაიხდით. ასევე, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით წამლების ყიდვისას აფთიაქში LMA -ბარათის ჩვენების შემდეგ თითქმის ყოველთვის შეღავათიან ფასს იხდით.

Last updated: 3 October 2019

Was the information on this page helpful to you?

Thank you for helping us improve our website!

Thank you for helping us improve our website!

Tell us how we can make this page better*






If you wish to ask the Migration Agency a question you can find our contact details under the heading Contact us.