The Swedish Migration Agency logotype

თუ ლგბტ პირი ხართ და თავშესაფარს ითხოვთ

För dig som är hbtq-person och söker asyl – georgiska

თუ გაქვთ საფუძვლიანი შიში, რომ გემუქრებათ დევნა თქვენი სექსუალური ორიენტაციის გამო, ან თქვენი სქესის გამო, თქვენი სქესის გამოხატვის ფორმების, ან თქვენი გენდერული იდენტობის, ან საზოგადოების რომელიმე სხვა ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის გამო, შესაძლებელია, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში ჩაითვალოთ ლტოლვილად და გქონდეთ უფლება, რომ შვედეთმა შეგიფაროთ. ამის შესახებ წერია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციაში, შვედურ კანონში და ევროკავშირის წესებში.

თავშესაფრის მოთხოვნა და წესები

დევნა შეიძლება გამოიხატებოდეს მუქარით ან ძალადობით თქვენი ჯანმრთელობის ან თქვენი სიცოცხლის წინააღმდეგ. გარდა ამისა, შეიძლება საქმე ეხებოდეს ისეთ წესებს და კანონებს, ან ადამიანთა ისეთ შეხედულებებს, რომლის საფუძველზეც შეიძლება სერიოზული დამცირება მოგაყენონ თქვენი სექსუალური ორიენტაციის გამო. ეს შეიძლება იყოს რაიმე სასჯელი ან მნიშვნელოვანი დისკრიმინაცია, რის გამოც, მაგალითად, ვერ დადიხართ სკოლაში, ვერ მუშაობთ, ან უარს გეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე.

ადამიანს აქვს გამოხატვის და პოლიტიკური აქტიურობის უფლება ისე, რომ არ ეშინოდეს, რომ დევნას დაუწყებენ ეროვნების, რელიგიის, სქესის თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. ამ ნიშნით პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ შვედეთში დარჩენის უფლება მიიღოთ.

არა აქვს მნიშვნელობა, ვინ გდევნით და ვინ გემუქრებათ, სახელმწიფო, თქვენი ოჯახი, თუ სხვა კერძო პირები. სამიგრაციო სამსახური არკვევს, რა შეიძლება შეგემთხვათ, თუ მომავალში სამშობლოში დაბრუნდებით და აქვთ თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს თქვენს ქვეყანაში იმისი უნარი და სურვილი, რომ მოსალოდნელი დევნისგან მათ დაგიცვან.

სამიგრაციო სამსახური დაგარეგისტრირებთ თავშესაფრის მაძიებლად იმ სახელით და გვარით, დაბადების თარიღით და იურიდიული სქესით, რაც თქვენი ვინაობის დამადასტურებელ საბუთებში გიწერიათ. შვედური კანონი არ გვაძლევს ნებას, რომ სხვა სახელით დაგარეგისტრიროთ, თუმცა თუ გსურთ, რომ სხვა სახელით მოგმართოთ, ან თქვენს შესახებ სხვა ნაცვალსახელი გამოვიყენოთ (რომელიც შვედურში სქესს განასხვავებს), შეგიძლიათ გვითხრათ და ამას თქვენს საქმეში მივუთითებთ.

გამოძიება

იმისათვის, რომ სამიგრაციო სამსახურმა გადაწყვიტოს, გჭირდებათ თუ არა უსაფრთხოებისთვის აქ თავის შეფარება და გეკუთვნით თუ არა ამის გამო შვედეთში ბინადრობის უფლება, ჩატარდება თქვენი გამოკითხვა. გამოკითხვის მიზანია, რომ გაირკვეს, როგორ ცხოვრობდით აქ ჩამოსვლამდე და რატომ გეშინიათ თქვენს სამშობლოში დაბრუნებისა. თუ თქვენი დევნის მიზეზია თქვენი სექსუალური ორიენტაცია, თქვენი გენდერული გამოხატვა ან გენდერული იდენტობა, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე უთხრათ ამის შესახებ სამიგრაციო სამსახურს.

წაიკითხეთ უფრო ვრცლად, როგორ ითხოვოთ თავშესაფარი.

სამიგრაციო სამსახურისთვის გასაგებია, რომ ძნელია ასეთ საკითხზე ესაუბროთ იმ ადამიანს, რომელსაც ადრე არასდროს შეხვედრიხართ. შეიძლება საერთოდ პირველად საუბრობთ ამაზე. საზღვრები იმისა, თუ სად იწყება პიროვნული და პირადი, სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მაინც მოყვეთ, რაც შეიძლება, მეტი ყველა იმ მიზეზზე, როს გამოც თავშესაფარს ითხოვთ. რაც უფრო მეტ დეტალებზე ილაპარაკებთ, მით უფრო უკეთესი საფუძველი ექნება სამიგრაციო სამსახურს გადაწყვეტილებისთვის. გამომძიებელიც დაგისვამთ შეკითხვებს თქვენი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, თქვენი გენდერული გამოხატისა და გენდერული იდენტობის შესახებ. გკითხავენ, თუ რას ფიქრობთ და განიცდით ამის გამო, ასევე, რა ურთიერთობა გაქვთ თქვენს ოჯახთან, მეგობრებთან და იმ საზოგადოებასთან, რომელშიც ცხოვრობდით. ჩვენ გაუთქმელობას ვიცავთ და თქვენს ნაამბობს არ გადავცემთ ისეთ პირებს, ვინც თქვენს საქმეზე არ მუშაობენ.

თუ გრძნობთ, რომ საქმის მწარმოებელი, რომელიც გამოკითხვას ატარებს, ვერ გებულობს თქვენს ნათქვამს, ან თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელზეც საქმის მწარმოებელი არაფერს გეკითხებათ, თქვენ უნდა თქვათ ეს ყველაფერი და თანაც, რაც შეიძლება, დროულად. უნდა მოასწროთ ყველაფრის თქმა მანამდე, სანამ თქვენს საქმეზე გადაწყვეტილება დაიწერება.

გაქვთ შესაძლებლობა, რომ განაცხადოთ, თუ თქვენთვის მნიშვნელობა აქვს რომელი სქესისა იქნება თქვენი თარჯიმანი, საქმის მწარმოებელი და ადვოკატი იმისათვის, რომ თავი მშვიდად და დაცულად იგრძნოთ თავშესაფრის საკითხის განხილვისას. სამიგრაციო სამსახური ეცდება, რომ თქვენი სურვილი გაითვალისწინოს. თუ თქვენი ასაკი 18 წელს აღემატება, საქმის მწარმოებელს მარტო ხვდებით თქვენს ადვოკატთან ერთად. თუ გყავთ თანა-მაძიებელი, ის გასაუბრებას არ ესწრება. თუ თქვენ იცნობთ ასეთ ადვოკატს, რომელსაც აქვს განსაკუთრებლი ცოდნა ლგბტ-პირების სიტუაციის შესახებ, შეგიძლიათ, ითხოვოთ, რომ ის დაგინიშნონ. ან შეგიძლიათ ითხოვოთ, რომ შეგირჩიონ ასეთი ადვოკატი.

თუ ჯერ არა ხართ 18 წლისა

სამიგრაციო სამსახური უსმენს თავშესაფრის მაძიებელ ყველა ბავშვს და ცდილობს, გაარკვიოს, სჭირდება თუ არა ბავშვს საფრთხისგან დასაცავად აქ ყოფნა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოუყვეთ სამიგრაციო სამსახურს თქვენს ქვეყანაში თქვენი ცხოვრების შესახებ და ისიც თქვათ, თუ რატომ გგონიათ, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში რამე დაგიშავდებათ. თუ ჯერ 18 წლისა არ ხართ და შვედეთში თან გახლავთ მშობელი, სამიგრაციო სამსახური მას ჰკითხავს, თუ ის თანახმაა, რომ სამიგრაციო სამსახურს მისი თანდასწრების გარეშე ესაუბროთ. თუ შვედეთში მშობელი არ გახლავთ, მაშინ თქვენთვის დანიშნული მზრუნველი გადაწყვეტავს, თუ შეიძლება, რომ მის დაუსწრებლად გესაუბრონ. თუ თქვენ გსურთ, რომ გასაუბრება თქვენი მშობლის ან მზრუნველის დაუსწრებლად ჩატარდეს, მნიშვნელოვანია, რომ ეს თქვენ თვითონ განაცხადოთ.

თარჯიმანი

ზოგი სიტყვა და ტერმინი შეიძლება შვედურში და თქვენს მშობლიურ ენაში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. მთავარია, რომ თქვენ თქვენი გრძნობები და განცდები აღწეროთ და აგვიხსნათ, რა კავშირია ამ გრძნობებსა და თქვენს შიშს შორის.

თუ თარჯიმნის ლაპარაკს ვერ გებულობთ, ან თუ გგონიათ, რომ ყველაფერს, რასაც ამბობთ, თარჯიმანი მიუკერძოებლად არ თარგმნის, უნდა განაცხადოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება თარჯმანმა არ იცოდეს ყველა ის სპეციფიკური სიტყვა, რაც გამოიყენება სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ან გენდერული გამოხატვის შესახებ საუბრისას. ამიტომ კარგი იქნება, თუ თარჯიმანს აუხსნით, რა მნიშვნელობით იყენებთ თქვენ ამ სპეციფიკურ სიტყვებს.

საცხოვრებელი

სამიგრაციო სამსახურის საცხოვრებლების უმრავლესობაში ოთახში ორი ან რამდენიმე ერთი და იმავე სქესის ადამიანი ცხოვრობს. თავშესაფრის პროცესის განმავლობაში შეიძლება საცხოვრებელში სიტუაცია დაიძაბოს და კონფლიქტებიც წამოიშვას.

მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროზე განაცხადოთ, რა გჭირდებათ, ან თუ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობთ იქ, სადაც ცხოვრობთ. თუ საცხოვრებელში ისეთი პრობლემა გაჩნდა, რომლის მოგვარებაშიც დახმარება გჭირდებათ, სამიგრაციო სამსახურს უნდა მიმართოთ. დაელაპარაკეთ საქმის მწარმოებელს იმ მიმღებ განყოფილებაში, ან პერსონალს იმ საცხოვრებელში, სადაც ჩაწერილი ხართ.

ჯანმრთელობა

ზოგ ქალაქში არის სექსუალური ჯანმრთელობის და საკონსულტაციო დაწესებულებები გარკვეული მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ასეთი მიზნობრივი ჯგუფი შეიძლება იყოს ქალები, ახალგაზრდები ან ლგბტ პირები. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს საქმის მწარმოებელს..

ნებაყოფლობითი ორგანიზაციები

სანამ თავშესაფრის საკითხი განიხილება, მუდამ გაქვთ უფლება, რომ რჩევისთვის და დახმარებისთვის დაუკავშირდეთ ნებაყოფლობით ორგანიზაციებს. რაც უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ თქვენი უფლებების შესახებ, მით უფრო უკეთესად იქნებით მომზადებული თავშესაფრის განხილვის პროცესის სხვადასხვა ეტაპისთვის. RFSL-ი (სექსუალური თანასწორობის ეროვნული ასოციაცია) არის ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ლგბტ-პირების უფლებებისთვის, განსაკუთრებით უჭერს მხარს და სოციალური ურთიერთობის საშუალებას აძლევს თავშესაფრის მაძიებელ ლგბტ-პირებს.

RFSL ახალმოსულები (RFSL Newcomers)external link, opens in new window

Last updated: 13 May 2020

Was the information on this page helpful to you?