The Swedish Migration Agency logotype

თუ თავშესაფრის მოთხოვნის პასუხად უარი მიიღეთ

Om du får avslag på din ansökan – georgiska

თუ სამიგრაციო სამსახურმა თქვენი განცხადება თავშესაფრის მოთხოვნაზე არ დააკმაყოფილა, ეს ნიშნავს, რომ სამიგრაციო სამსახურის აზრით, თქვენ არ გაქვთ საკმარისი მიზეზები იმისთვის, რომ შვედეთში დარჩეთ. უარის შემთხვევაში ორი არჩევანი გაქვთ: ან დაეთანხმოთ გადაწყვეტილებას და უკან გაემგზავროთ, ან გაასაჩივროთ. თუ გაასაჩივრებთ, სამიგრაციო სამსახურის უარყოფით გადაწყვეტილებას სასამართლო განიხილავს. გასაჩივრების შემთხვევაშიც მაინც უნდა დაიწყოთ გამგზავრების დაგეგმვა.

თუ დაეთანხმებით შვედეთიდან თქვენი წასვლის ან შვედეთში თქვენი არდაშვების გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილების, ანუ თანხმობის საბუთს. თუ გადაწყვეტილებაზე თანხმობას ხელს მოაწერთ, გასაჩივრების უფლება უკვე აღარ გექნებათ და უნდა მოემზადთ გასამგზავრებლად. შეიძლება თანხმობაზე ხელი არ მოაწეროთ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ სამიგრაციო სამსახურთან თანამშრომლობა თქვენი გამგზავრების საკითხზე.

თავშესაფარზე მიღებული უარი ძალაში რჩება, ჩვეულებრივ, ოთხი წლის განმავლობაში.

გაეცანით უფრო ვრცლად, თუ რა უნდა იცოდეთ, როდესაც შვედეთიდან უკან უნდა გაემგზავროთ

მხარდაჭერა სამშობლოში დაბრუნებისას

იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდან ხართ, შეიძლება სამშობლოში წასვლის წინ გაგიწიონ ეკონომიკური ან სხვა სახის დახმარება, რომელიც შეგიმსუბუქებთ თქვენს ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ პირველ პერიოდს.

უფრო ვრცლად, თუ ვის შეიძლება გაუწიონ დახმარება სამშობლოში დაბრუნებისას

თუ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებით

თუ შვედეთს არ დატოვებთ იმ ვადაში, რომელიც მითითებულია გადაწყვეტილებაში, ვადის ამოწურვის შემდეგ კარგავთ ფულადი დახმარების და სამიგრაციო სამსახურის ბინაში ყოფნის უფლებას. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ გარკვეული ვადით აგეკრძალოთ აქ ჩამოსვლა.

გარდა ამისა, სამიგრაციო სამსახურს შეუძლია გადაწყვიტოს თქვენი აყვანა ზედამხედველობის ქვეშ ან თქვენი დაკავება სადეპორტაციო განყოფილებაში, სადაც გამგზავრებამდე მოიცდით. გარკვეულ შემთხვევაში, სამიგრაციო სამსახურს შეუძლია თქვენი გამგზავრების აღსრულებაზე პასუხისმგებლობა პოლიციას გადააბაროს.

უფრო ვრცლად ზედამხედველობისა და სადეპორტაციოში აყვანის შესახებ

გასაჩივრება

თუ არ ეთანხმებით სამიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას, გაქვთ გასაჩივრების უფლება. გასაჩივრება ნიშნავს, რომ თქვენ სთხოვთ სასამართლოს, რომ სასამართლომ განიხილოს და შეცვალოს სამიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება. გასაჩივრებისთვის გაქვთ გარკვეული ვადა. ეს ვადა მითითებულია გადაწყვეტილებაში.

უფრო ვრცლად, თუ როგორ უნდა გაასაჩივროთ და რამდენი დრო გაქვთ გასაჩივრებისთვის

ახალი გარემოებები უარის შემდეგ

თუ უარის მიღების შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რის გამოც თქვენს ქვეყანაში ვერ დაბრუნდებით, უნდა მიმართოთ სამიგრაციო სამსახურის მიმღებ განყოფილებას. სამიგრაციო სამსახური განიხილავს, არის თუ არა თქვენს მიერ მითითებული გარემოებები ისეთი დაბრკოლება, რომ ამის გამო თქვენი გამგზავრება გადაიდოს. ეს უნდა იყოს ისეთი ახალი ინფორმაცია, რომელიც გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ გაიგეთ.

უფრო ვრცლად, თუ რას ნიშნავს უარის მიღების შემდეგ წარმოშობილი ახალი გარემოებები

Last updated: 2020-06-09

Was the information on this page helpful to you?