The Swedish Migration Agency logotype

თუ გასაჩივრება გსურთ

Om du vill överklaga – georgiska

თუ სამიგრაციო სამსახურისგან მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმებით, შეგიძლიათ გაასაჩივროთ. აქ გაეცნობით ინფორმაციას, თუ როგორ ხდება გასაჩივრება.

თუ არ ეთანხმებით სამიგრაციო სამსახურის გადაწყეტილებას, გაქვთ გასაჩივრების უფლება. გასაჩივრება ნიშნავს, რომ თქვენ გსურთ, სამიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება შეიცვალოს. თქვენს გასაჩივრებას სასამართლო განიხილავს, მაგრამ თქვენ გასაჩივრება სამიგრაციო სამსახურს უნდა გაუგზავნოთ. გადაწყვეტილებაში წერია, თუ რა ვადაში შეიძლება გასაჩივრება. უმეტესად, გასაჩივრებისთვის გაქვთ სამი კვირა იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილებას გაეცნობით. ვადის ამოწურვის მერე გასაჩივრების უფლება აღარ გაქვთ. თუ გყავთ სახაზინო დამცველი, გასაჩივრებაში ის დაგეხმარებათ.

თუ მოითხოვეთ შვედეთში ბინადრობის უფლება, მაგრამ მიიღეთ უარი თქვენს განცხადებაზე და შვედეთში იმყოფებით, მიუხედავად იმისა, ასაჩივრებთ თუ არა გადაწყვეტილებას, მაინც უნდა შეუდგეთ თქვენი გამგზავრების დაგეგმვას. გადაწყვეტილებაში ისიც იქნება აღნიშული, გაქვთ თუ არა უფლება, რომ სასამართლოს პასუხს თქვენს გასაჩივრებაზე შვედეთში დაელოდოთ.

თქვენს გასაჩივრებას განიხილავს მიგრაციის საქმეთა სასამართლო

თქვენს გასაჩივრებას ჯერ თვითონ სამიგრაციო სამსახური გადახედავს, რომ გაარკვიონ, ხომ არ არის მათი გადაწყვეტილება შესაცვლელი. თუ სამიგრაციო სამსახური ჩათვლის, რომ გადაწყვეტილების შეცვლის არანაირი საფუძველი არ არის, ისინი თქვენს გასაჩივრებას და თქვენს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას გადაუგზავნიან მიგრაციის საქმეთა სასამართლოს. სასამართლო ან შეცვლის სამიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას, ან დაეთანხმება მას.

იმ დღიდან, როცა თქვენი გასაჩივრება მიგრაციის საქმეთა სასამართლოში შევა, თქვენი გასაჩივრებისა თუ სასამართლოს მუშაობის თაობაზე შეკითხვებით უნდა მიმართოთ თვითონ სასამართლოს. მთლიანად თქვენზეა პასუხისმგებლობა, რომ არ გამოგრჩეთ, თუ როდის დაწერს სასამართლო თავის განჩინებას თქვენს საქმეზე, ან როდის შევა გადაწყვეტილება ძალაში. სამიგრაციო სამსახურის მოვალეობა არ არის, რომ თქვენს ნაცვლად ადევნონ თვალი სასამართლოს მუშაობას და შეგატყობინონ სასამართლოს პასუხი. ეს თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ.

თუ სახაზინო დამცველი გყავთ, სამიგრაციო სამსახური აღარ აგინაზღაურებთან დამცველთან მგზავრობის ხარჯებს მას შემდეგ, როცა გასაჩივრება სასამართლოს გადაეცემა.

თუ გასაჩივრება უკვე გაგზავნილი გაქვთ, მაგრამ გადაიფიქრებთ, რომ პასუხს ელოდოთ, შეგიძლიათ მიაკითხოთ სამიგრაციო სამსახურს და განაცხადოთ, რომ გსურთ გადაწყვეტილებაზე დათანხმება. ასეთ შემთხვევაში თანხმობაზე თქვენი ხელის მოწერისთანავე გასაჩივრების პროცესი წყდება, გასაჩივრების უფლებას კარგავთ და გადაწყვეტილება შედის ძალაში.

როგორ უნდა დაწეროთ გასაჩივრება

გადაწყვეტილებაში წერია, თუ როგორ უნდა გაასაჩივროთ გადაწყვეტილება. თუ სამიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებთ, უნდა დაწეროთ წერილი, სადაც წერთ, თუ რომელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებთ და რას მოითხოვთ, რა ცვლილება უნდა შეიტანოს სამიგრაციო სამსახურმა გადაწყვეტილებაში და რატომ. გასაჩივრებას დაურთეთ, თუ გაქვთ რაიმე დამამტკიცებელი საბუთები, უმჯობესია, დედნების, ანუ ორიგინალების სახით.

გასაჩივრებაში მიუთითეთ თქვენი პირადი მონაცემები და თქვენი საქმის ნომერი. თქვენი საქმის ნომერი წერია როგორც გადაწყვეტილებაში, ასევე თქვენს LMA-ბარათში. უნდა მიუთითოთ, აგრეთვე, თქვენი ტელეფონის ნომერი და მისამართი, სადაც სამიგრაციო სამსახური ან მიგრაციის საქმეთა სასამართლო შეძლებს თქვენთან დაკავშირებას.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გასაჩივრება სამიგრაციო სამსახურში დროზე შევიდეს. ამ გვერდის ბოლოს არის ცხრილი, სადაც ნახავთ, თუ რა ვადა გაქვთ გასაჩივრებისთვის იმის მიხედვით, თუ რა სახის გადაწყვეტილებას ასაჩივრებთ. ვადის ათვლა, ზოგი გამონაკლისის გარდა, იმ დღიდან იწყება, როცა თქვენ ჩაიბარეთ გადაწყვეტილება.

თუ თქვენ ვერ ასაჩივრებთ, შეგიძლიათ, რომ სხვას გაასაჩივრებინოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმ სხვა პიროვნებას, ვინც სამიგრაციო სამსახურს თქვენს საქმეზე მიმართავს გასაჩივრებით, უნდა ჰქონდეს თქვენგან ხელმოწერილი მინდობილობა.

რა არის მინდობილობა?

მინდობილობა შეიძლება იყოს ხელმოწერილი წერილი, სადაც ის, ვისაც რაიმე განცხადება ან გასაჩივრება აქვს შემოსატანი, ადასტურებს, რომ სხვა პირს აძლევს უფლებას, რომ იყოს მისი წარმომადგენილი. მინდობილობით შეიძლება სხვა პირს მისცეთ უფლება, რომ თქვენს ნაცვლად შეიტანოს განცხადება, გამოითხოვოს გადაწყვეტილების მიზეზი, ან გაასაჩივროს გადაწყვეტილება. მინდობილობა უნდა დაწეროს იმ პირმა, ვინც სხვა ადამიანს, ანუ მინდობილ პირს ანიჭებს ამ უფლებას. თუ სამიგრაციო სამსახური მოითხოვს, უნდა შეგეძლოთ მინდობილობის ორიგინალის წარდგენა.

იმისათვის, რომ სხვა პირს მინდობილობა მისცეთ, სამიგრაციო სამსახურს წერილობით უნდა ჩააბაროთ ტექსტი, სადაც წერია

  • რომ ეს არის მინდობილობა
  • სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი იმ პირისა, ვინც სხვა ადამიანს აძლევს მინდობილობას
  • კერძოდ, რისი გაკეთების უფლება ეძლევა მას, ვისაც მინდობილობა ეძლევა
  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი იმ პირისა, ვისაც მინდობილობა ეძლევა
  • მინდობილობის გამცემის ხელმოწერა
  • მინდობილობის გაცემის თარიღი და ადგილი.

მინდობილობა, ბლანკი ნომერი 106011PDF

თუ ასაჩივრებთ მიგრაციის საქმეთა სასამართლოს განჩინებას

თუ უკმაყოფილო ხართ მიგრაციის საქმეთა სასამართლოს განჩინებით, შეგიძლიათ გაასაჩივროთ მიგრაციის საქმეთა უზენაეს სასამართლოში სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა სასამართლოს განჩინებას გაეცანით. მიგრაციის საქმეთა უზენაესი სასამართლო არის ბოლო ინსტანცია და მისი გადაწყვეტილებები არის სახელმძღვანელო და გზის მკვლევი როგორც სამიგრაციო სამსახურისთვის, ასევე მიგრაციის საქმეთა სასამართლოსთვის მსგავსი საქმეების განხილვისას.

მიგრაციის საქმეთა უზენაესი სასამართლო განიხილავს მხოლოდ ისეთ საქმეს, რომლის მსგავსიც მანამდე არ განხილულა და მისი განხილვა აუცილებელია, რომ მომავალში მსგავსი საქმეების განხილვისთვის ნიმუშად გამოდგეს, ან ისეთ საქმეს, თუ აშკარაა, რომ სამიგრაციო საქმეთა სასამართლომ საქმის განხილვა მცდარი ფორმით ჩაატარა. უმეტეს შემთხვევაში მიგრაციის საქმეთა უზენაესი სასამართლო უარს ამბობს გასაჩივრების განხილვაზე და უცვლელად ტოვებს მიგრაციის საქმეთა სასამართლოს განჩინებას, რაც იმას ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვაზე უარის დაწერისას გადაწყვეტილება შედის ძალაში.

ზოგი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია

ზოგი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გადაწყვეტილებაში ყოველთვის არის მითითებული, შესაძლებელია თუ არა გასაჩივრება.

აი, რამდენიმე მაგალითი, როცა გასაჩივრება შეუძლებელია

  • გადაწყვეტილება, რომელზე თანხმობასაც ხელი მოაწერეთ
  • მიგრაციის საქმეთა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ განიხილოს თქვენი გასაჩივრება
  • გადაწყვეტილება, რომ ამა თუ იმ პირს მიენიჭოს დროებითი ბინადრობის უფლება.

სხვადასხვა ვადა სხვადასხვა გასაჩივრების დროს

სამიგრაციო სამსახურში თქვენი გასაჩივრება მანამდე უნდა შევიდეს, სანამ გასაჩივრების ვადა ამოიწურება. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებთ, მაშინ სასამართლოს ისე უნდა გაუგზავნოთ გასაჩივრება, რომ თქვენი გასაჩივრება მათ ვადის ამოწურვამდე მიიღონ. გადაწყვეტილებაში წერია, თუ რამდენი დრო გაქვთ გასაჩივრებისთვის.

როდესაც ვადა ამოიწურება, გადაწყვეტილება შედის ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება უკვე შეუძლებელია და ის იწყებს მოქმედებას.

გასაჩივრების ვადები

თქვენ შესახებ არის

უნდა გაასაჩივროთ

გადაწყვეტილება ქვეყნიდან გასახლების შესახებ

სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილებას გაეცანით

გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლად უნდა აღსრულდეს

სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილებას გაეცანით

მიგრაციის საქმეთა სასამართლოს განჩინება

სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილებას გაეცანით

გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ

სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილებას გაეცანით

გადაწყვეტილება სამგზავრო საბუთის შესახებ

სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილებას გაეცანით

გადაწყვეტილება უცხოელის პასპორტის შესახებ

სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილებას გაეცანით

შენგენის ქვეყნებში ჩამოსვლის აკრძალვა, რომელიც მიიღეთ იმის გამო, რომ შვედეთიდან არ გაემგზავრეთ დათქმულ ვადაში

სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა სამიგრაციო სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო

ჩამოსვლის აკრძალვა, რაიმე სხვა მიზეზით

სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილებას გაეცანით

გადაწყვეტილება ერთჯერადი დახმარების შესახებ

სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილებას გაეცანით

გადაწყვეტილება ფულადი დამარების შეწყვეტის ან შემცირების შესახებ

ხუთი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა სამიგრაციო სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო

ალტერნატიული მიზეზით დაცვის საჭიროები მქონე პირის სტატუსის მინიჭება (თუ თქვენ თვლით, რომ ამის ნაცვლად ლტოლვილის სტატუსი უნდა მიგეღოთ)

სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილებას გაეცანით

გადაწყვეტილება ზედამხედველობის ქვეშ აყვანაზე ან სადეპორტაციოში დაკავების შესახებ

ნებისმიერ დროს

Last updated: 3 March 2020

Was the information on this page helpful to you?