The Swedish Migration Agency logotype

თავშესაფრის მაძიებელთათვის შვედეთში

Till dig som söker asyl i Sverige – georgiska

საერთაშორისო დაცვის, ანუ თავშესაფრის შესახებ თქვენს განაცხადს განიხილავს სამიგრაციო სამსახური. წესები იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება მიენიჭოს თავშესაფარი, ჩამოყალიბებულია გაეროს კონვენციაში ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, ევროკავშირის საერთო წესებში და შვედურ კანონში.

ამ საინფორმაციო მასალაში გაეცნობით მოკლე ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს სამიგრაციო სამსახურში თავშესაფრის მაძიებლის განცხადების განხილვა და რა უფლებები და მოვალეობები აქვს თავშესაფრის მაძიებელს შვედეთში. შემდგომში უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ და შეკითხვების დასმის საშუალებაც გექნებათ.

თავშესაფრის წესები

შვედეთში სამიგრაციო სამსახური თავშესაფრის ყოველი მაძიებლის განცხადებას ინდივიდუალურად განიხილავს. შვედეთი ბინადრობის უფლებას ანიჭებს იმ პირებს, ვინც ლტოლვილია, ან რომელიმე სხვა მიზეზით ესაჭიროება საერთაშორისო დაცვა.

ლტოლვილი

გაეროს ლტოლვილთა კონვენციის და შვედური კანონის თანახმად, პირი ჩაითვლება ლტოლვილად, თუ მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მიზეზით

  • რასობრივი კუთვნილება
  • ეროვნება
  • რელიგია ან პოლიტიკური შეხედულებები
  • სქესი
  • სექსუალური ორიენტაცია
  • საზოგადოების რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილება

ვინც თქვენ გდევნით, შეიძლება იყოს თქვენი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოები. ან შესაძლებელია, რომ თქვენი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოები არ გიცავენ ან ვერ გიცავენ იმ კერძო პირებისგან ან ჯგუფებისგან, ვინც თქვენ გდევნით.

ის, ვინც თავშესაფრის საკითხის განხილვის შემდეგ მიიღებს დადებით პასუხს და ლტოლვილის სტატუსს, მიიღებს ასევე სამწლიანი ბინადრობის უფლებას შვედეთში (ზოგიერთმა, ვინც თავშესაფარი მოთხოვა 2015 წლის 24 ნოემბრამდე, დადებითი პასუხის შემთხვევაში შეიძლება მიიღოს მუდმივი ბინადრობის უფლება).

ალტერნატიული მიზეზით დაცვის საჭიროების მქონე პირები

შვედეთის კანონის მიხედვით თქვენ ალტერნატიული მიზეზით გჭირდებათ საერთაშორისო დაცვა, თუ თქვენს ქვეყანაში

  • გემუქრებათ სიკვდილით დასჯა
  • გემუქრებათ სხეულებრივი სასჯელი, წამება ან სხვა არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი
  • ხართ სამოქალაქო პირი და თქვენს ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო არის სერიოზული საფრთხე, რომ დაზიანება მოგაყენონ.

თუ მოგანიჭებენ ალტერნატიული მიზეზით დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსს, ჩვეულებრივ, მიიღებთ ბინადრობის უფლებას 13 თვის ვადით (ზოგიერთმა, ვინც თავშესაფარი მოთხოვა 2015 წლის 24 ნოემბრამდე, დადებითი პასუხის შემთხვევაში შეიძლება მიიღოს მუდმივი ბინადრობის უფლება).

თავშესაფრის მოთხოვნა

იმისათვის, რომ მოითხოვოთ თავშესაფარი, ანუ საერთაშორისო დაცვა შვედეთში, პირადად უნდა გამოცხადდეთ სამიგრაციო სამსახურში. განცხადებების განყოფილება ჩაიბარებს და დაარეგისტრირებს თქვენს განცხადებას თავშესაფრის მოთხოვნაზე.

გადაგიღებენ ფოტოსურათს და აგიღებენ თითების ანაბეჭდებს. თითების ანაბეჭდებს სხვა მიზნების გარდა იმისთვისაც იყენებენ, რომ დაადგინონ, გითხოვიათ თუ არა თავშესაფარი ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში.

შეხვდებით საქმის მწარმოებელს, რომელიც თარჯიმნის მეშვეობით გკითხავთ, თუ ვინ ხართ, რატომ დატოვეთ თქვენი ქვეყანა და როგორ ჩამოხვედით შვედეთში. გკითხავენ, აგრეთვე, თქვენი ოჯახური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. ეს არის მოსამზადებელი გასაუბრება თქვენი თავშესაფრის საკითხის განხილვის წინ. თქვენ უფრო მეტ შეკითხვას დაგისვამენ, როცა გექნებათ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზის გამოკვლევა, ე. წ. ინტერვიუ.

თუ გჭირდებათ განსაკუთრებული დამხმარე საშუალება, მაგალითად, ხართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ან გაქვთ დაქვეითებული ფიზიკური, ფსიქიკური ან ინტელექტუალური უნარი, უთხარით სამიგრაციო სამსახურს. თუ თავშესაფრის მოთხოვნისას სამიგრაციო სამსახურთან კომუნიკაცია გიძნელდებათ დაქვეითებული ფუნქციის გამო, გაქვთ უფლება, რომ ამ მხრივ დაგეხმარონ.

განცხადებების განყოფილებაში გაგაცნობენ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს თავშესაფრის საკითხის განხილვის პროცესი. თქვენც გექნებათ შესაძლებლობა, რომ დასვათ შეკითხვები. თქვენი განცხადების რეგისტრაციის შემდეგ მოგცემენ თავშესაფრის მაძიებლის დროებით მოწმობას, რომელიც ფურცელზეა ამობეჭდილი. ეს დროებითი მოწმობა უნდა შეინახოთ ვიდრე აიღებთ LMA-ბარათს, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ შვედეთში თავშესაფარი გაქვთ მოთხოვნილი.

გვითხარით თქვენი ვინაობა

იმისათვის, რომ სამიგრაციო სამსახურმა შეძლოს გადაწყვეტილების მიღება, გეკუთვნით თუ არა თავშესაფარი შვედეთში, საჭიროა, რომ თქვენ დაამტკიცოთ თქვენი ვინაობა და სადაურობა. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა პასპორტის ან პირადობის მოწმობის ჩაბარება თავშესაფრის მოთხოვნისას. პირადობის დამადასტურებელი საბუთი გაცემული უნდა იყოს თქვენი ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულების მიერ და უნდა შეიცავდეს თქვენს ფოტოს. ასევე, უნდა ეწეროს თქვენი სახელი და გვარი, მოქალაქეობა და თქვენი დაბადების თარიღი.

თქვენი ვინაობის დამადასტურებელი საბუთების მოპოვებაზე თქვენ თვითონ ხართ პასუხისმგებელი. თუ თავშესაფრის მოთხოვნით სამიგრაციო სამსახურში მისულს თან არა გაქვთ პირადობის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი, საქმის მწარმოებელი მოგთხოვთ, რომ თქვენი განცხადების სისრულისთვის რაც შეიძლება მალე ჩააბაროთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

თუ გიძნელდებათ საბუთების მოპოვება, სამიგრაციო სამსახურს ის მაინც უნდა დაანახოთ, რომ ცდილობთ ამას. თუ გაქვთ სხვა საბუთები, სადაც თქვენი ვინაობა ჩანს, მაგალითად, მართვის მოწმობა, დაბადების მოწმობა, მოქალაქეობის მოწმობა, ან სამხედრო წიგნაკი, უნდა ჩააბაროთ. ცალკეული ასეთი საბუთი ვერ დაამტკიცებს თქვენს ვინაობას, მაგრამ რამდენიმე ასეთი საბუთი თქვენს ნაამბობთან ერთად სარწმუნოს გახდის თქვენს ვინაობას.

თუ თქვენი ვინაობის დამტკიცებისთვის სამიგრაციოსთან ითანამშრომლებთ, უმეტეს შემთხვევაში, მოგცემენ ნებართვას, რომ იმუშაოთ, სანამ თქვენი თავშესაფრის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

არ გაქვთ უფლება, რომ თქვენ თვითონ შეარჩიოთ, თუ რომელმა ქვეყანამ უნდა განიხილოს თქვენი თხოვნა თავშესაფრის შესახებ (დუბლინის დადგენილება)

როცა სამიგრაციო სამსახურს მიმართავთ თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებით, სამიგრაციო სამსახური პირველ რიგში განიხილავს, თუ რომელი ქვეყნის მოვალეობაა თქვენი საკითხის განხილვა: შვედეთის თუ ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნის. თუ ადრე გქონდათ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ვიზა, ბინადრობის უფლება, ან თუ შვედეთში ჩამოსვლამდე სხვაგან ითხოვეთ თავშესაფარი, შესაძლებელია, რომ იმ პირველ ქვეყანაში გადაგაგზავნონ. ეს წესები განსაზღვრულია დუბლინის დადგენილების მიხედვით, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ საინფორმაციო ბროშურაში „მოვითხოვე თავშესაფარი ევროკავშირში - რომელი ქვეყანა განიხილავს ჩემს განცხადებას?“ (ბროშურა არ არის ნათარგმნი ყველა ენაზე).

სანამ ელოდებით

თუ თქვენი თავშესაფრის საკითხი შვედეთმა უნდა განიხილოს, გადაწყვეტილებას აქ დაელოდებით. ამ ხნის განმავლობაში კონტაქტი გექნებათ სამიგრაციო სამსახურის რომელიმე მიმღებ განყოფილებასთან. მიმღები განყოფილების პერსონალი არ წყვეტს იმ საკითხს, მიიღებთ თუ არა შვედეთში თავშესაფარს. მიმღები განყოფილება გეხმარებათ პრაქტიკული საკითხების მოგვარებაში, როგორიც არის ეკონომიკური და საბინაო საკითხები. ასევე, მიმღები განყოფილება დაგიკავშირდებათ, როცა თქვენს საქმეზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ისინი გაგაცნობენ ინფორმაციას, თუ რა გადაწყვეტილებაა თქვენს საქმეზე და რის გაკეთება შეგიძლიათ ამ გადაწყვეტილების შემდეგ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მიმღები განყოფილება დაგიბარებთ ჯგუფურ საინფორმაციო შეხვედრაზე. ამ შეხვედრის დროს გაგაცნობენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც სასარგებლოა თავშესაფრის მაძიებლისთვის. ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია ბინის შესახებ, ეკონომიკის, ან ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ. მიიღებთ ინფორმაციას კანონების შესახებ, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც, მაგალითად, ეხმარებიან თავშესაფრის მაძიებლებს .ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც გამოგადგებათ, სანამ თქვენი თავშესაფრის საკითხზე გადაწყვეტილებას ელოდებით.

მიიღებთ ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციას როგორც განცხადებების, ასევე მიმღები განყოფილებისგან. ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ, რომ მეტისმეტად ბევრია ერთბაშად ამ მოცულობის ინფორმაციის აღქმა. შეინახეთ ყველა ის ქაღალდი, რასაც გადმოგცემენ, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდებათ, წაიკითხოთ და თუ რამე გაურკვეველი იქნება, შემდეგი შეხვედრისას საქმის მწარმოებელს ჰკითხოთ.

თუ სამიგრაციო სამსახურის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობთ, იქ შეიძლება მუშაობდნენ, ან დროდადრო ვიზიტით მოდიოდნენ სამიგრაციო სამსახურის თანამშრომლები. მათ არ შეუძლიათ გიპასუხონ შეკითხვებზე, თუ რა ეტაპზეა თქვენი საქმის გახილვა, მაგრამ დაგეხმარებიან თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში.

თავშესაფრის საკითხის გამოკვლევის მოლოდინში

შეიძლება დიდი დრო გავიდეს, სანამ დაგიბარებენ თავშესაფრის საკითხის გამოსაკვლევ შეხვედრაზე, ანუ ინტერვიუზე. მოლოდინის დრო სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა.

ამ შეხვედრაზე დაწვრილებით მოყვებით თუ რატომ ითხოვთ შვედეთში თავის შეფარებას, რა გადაგხდათ თავს და, თქვენი აზრით, რა შეგემთხვევათ, თუ თქვენს ქვეყანაში დაბრუნდებით.

გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება კიდევ რამდენიმე შეხვედრაზე დაგიბარონ. როცა სამიგრაციო სამსახურში ხართ დაბარებული, ყოველთვის დროულად უნდა გამოცხადდეთ. თუ შეხვედრას გამოტოვებთ, დიდხანს მოგიწევთ თქვენი საქმის შესახებ გადაწყვეტილების ლოდინი, რადგან სამიგრაციო სამსახურს გაუჭირდება ახალი დროის გამონახვა თქვენთან შესახვედრად.

შეგვატყობინეთ თქვენი მისამართი

თუ თქვენი საკითხის განხილვა მიმდინარეობს და ამ დროს მისამართს შეიცვლით, ვალდებული ხართ, სამიგრაციო სამსახურს აცნობოთ თქვენი ახალი მისამართი, რომ შეგვეძლოს თქვენთან დაკავშირება თავშესაფრის საკითხის გამოსაკვლევ ან რაიმე სხვა სახის შეხვედრაზე. რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ფოსტა, რომ არ გამოგრჩეთ სამიგრაციო სამსახურიდან გამოგზავნილი რაიმე ინფორმაცია.

LMA-ბარათი

როცა შვედეთში თავშესაფარი მოითხოვეთ, მოგცეს ქაღალდზე ამობეჭდილი მოწმობა. ამ მოწმობაში წერია ნომერი, რომელიც უნდა მიუთითოთ, როცა სამიგრაციო სამსახურს თქვენს საქმეზე უკავშირდებით. ამ ნომრით საქმის მწარმოებელი ადვილად იპოვის თქვენს მონაცემებს. განცხადების შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მიმღები განყოფილებიდან გამოიტანთ პლასტიკურ ბარათს, რომელსაც ჰქვია LMA -ბარათი და რომელიც არის ქაღალდზე დაბეჭდილი მოწმობის შემცვლელი.

LMA -ბარათი ყოველთვის თან უნდა იქონიოთ, რადგან ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ თქვენ თავშესაფრის მაძიებელი ხართ და შვედეთში ლეგალურად ყოფნის უფლება გაქვთ სანამ თქვენი საქმის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდებით. როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში მიდიხართ, ბარათი აუცილებლად თან უნდა იქონიოთ, რათა გაგიწიონ ის მომსახურება, რისი უფლებაც გაქვთ და რათა შეღავათიანი ფასი გადაიხადოთ.

საცხოვრებელი

თქვენ შეგიძლიათ თვითონ მოაგვაროთ თქვენი ბინის საკითხი, ან იცხოვროთ იმ ბინაში, რომელსაც სამიგრაციო სამსახური შემოგთავაზებთ. თუ საკუთარი ფული გაქვთ, სამიგრაციო სამსახურის მიერ შემოთავაზებულ ბინაში ცხოვრებისთვის ფული უნდა გადაიხადოთ. თუ სხვაგან ცხოვრობთ და არა სამიგრაციოს ბინაში, ბინის ქირა თქვენ თვითონ უნდა გადაიხადოთ.

თუ სამიგრაციოს ბინაში ცხოვრობთ, არ შეგიძლიათ, რომ აირჩიოთ, რომელ რეგიონში ან ქალაქში იცხოვრებთ. ისიც შესაძლებელია, რომ სამიგრაციო სამსახურმა საცხოვრებელი ადგილი შეგიცვალოთ. თუ თქვენი ნებით გადახვალთ სხვაგან საცხოვრებლად, არ დაგავიწყდეთ, რომ სამიგრაციო სამსახურს დროულად შეატყობინოთ თქვენი ახალი მისამართი.

თუ განსაკუთრებული დამხმარე საშუალება გჭირდებათ, გაქვთ უფლება, რომ თქვენი ბინა თქვენი საჭიროების მიხედვით იყოს აღჭურვილი. ასეთი საჭიროება შეიძლება გაჩნდეს, თუ თქვენ ხართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ან გაქვთ რაიმე ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევა, ხართ ლგბტ-პირი, ან ორსული, ან ასაკოვანი. დაელაპარაკეთ სამიგრაციო სამსახურს თქვენი საჭიროების შესახებ რაც შეიძლება მალე და რაც შეგვიძლია, ვეცდებით, რომ საბინაო პრობლემა ისე მოვაგვაროთ, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ.

მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებლის ყველა ბინადარი ერთმანეთს პატივისცემით მოექცეს მიუხედავად, მაგალითად, რელიგიის, კულტურის ან სექსუალური ორიენტაციისა. თუ თქვენ გრძნობთ, რომ საცხოვრებელში უსაფრთხოდ არ ხართ, მიმართეთ სამიგრაციო სამსახურს.

ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება

თუ თავშესაფრის მაძიებელი ხართ, გაქვთ სასწრაფო სამედიცინო და სასწრაფო სტომატოლოგიური დახმარების უფლება, ასევე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უფლება. თუ რა შემთხვევაში ითვლება, რომ სამედიცინო მომსახურება სასწრაფო და გადაუდებელია, ამას წყვეტს სამედიცინო დაწესებულება. როდესაც LMA-ბარათს აჩვენებთ, სამედიცინო მომსახურებისთვის და რეცეპტიანი წამლისთვის შეღავათიან ფასს გადაიხდით. თავშესაფრის მაძიებელ ბავშვებს და 18 წლამდე ახალგაზრდებს აქვთ იგივე უფლებები უფასო სამედიცინო მომსახურებაზე, რაც შვედეთში მცხოვრებ ბავშვებს.

თავშესაფრის ყველა მაძიებელს იბარებენ ერთ უფასო სამედიცინო გამოკვლევაზე პოლიკლინიკაში. ჯანმრთელობის გამოკვლევა გავლენას არ ახდენს თქვენი თავშესაფრის საკითხზე. ეს გამოკვლევა ტარდება თქვენთვის, რომ რაც შეიძლება დროულად გაგიწიონ დახმარება, თუ ეს აუცილებელია. სამედიცინო გამოკვლევის დროს მოგცემენ რჩევებს ჯანმრთელობის საკითხებზე, შემოგთავაზებენ ანალიზების გაკეთებას, გაგაცნობენ ინფორმაციას შვედეთში პროფილაქტიკური და სამედიცინო მომსახურების შესახებ. უთხარით სამედიცინო მომსახურების პერსონალს, თუ გაქვთ რაიმე ფუნქციის შეზღუდვა, დაავადება, ან სხვა სახის ისეთი პრობლემა, რის გამოც რაიმე განსაკუთრებული მოვლა ან დახმარება გჭირდებათ.

სამედიცინო პერსონალი არ მუშაობს სამიგრაციო სამსახურისთვის და იცავს გაუთქმელობას.

მუშაობა

როგორც თავშესაფრის მაძიებელმა, შეიძლება მიიღოთ დროებითი მუშაობის ნებართვა, თუ

  • თქვენი თავშესაფრის საკითხი შვედეთმა უნდა განიხილოს
  • ეხმარებით სამიგრაციო სამსახურს თქვენი ვინაობის გარკვევაში
  • თქვენი მოთხოვნა თავშესაფარზე არ მიიჩნევა აშკარად უსაფუძვლო მოთხოვნად.

თუ ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებთ, მიიღებთ დროებითი მუშაობის ნებართვას. თქვენს LMA-ბარათში მე-7 პუნქტში ჩაიწერება: „მოწმობა, რომ გაქვთ გამონაკლისის სახით მუშაობის დროებითი ნებართვა სამუშაო უფლების გარეშე (AT-UND)“.

თუ მუშაობთ, მაგრამ თავშესაფარზე უარი მიიღეთ, შეგიძლიათ ქვეყნის დატოვებამდე გააგრძელოთ მუშაობა იმ პირობით, რომ სამიგრაციო სამსახურთან თანამშრომლობთ ქვეყნიდან გამგზავრების თაობაზე. თუ დადებით პასუხი და შვედეთში ბინადრობის უფლება მიიღეთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა.

თავისუფალი სამუშაო ადგილის მოსაძებნად შეგიძლიათ მიმართოთ დასაქმების ბიუროს (www.arbetsformedlingen.seexternal link, opens in new window)

ეკონომიკური დახმარება

თუ არ გაქვთ შესაძლებლობა, რომ იმუშაოთ და თუ არც საკუთარი ფული გაქვთ თავის შესანახად, შეგიძლიათ ითხოვოთ ფულადი დახმარება. სამიგრაციო სამსახური დაგინიშნავთ შემწეობას, რომელიც უნდა გეყოთ საკვებისთვის, ტანსაცმლისა და პირადი ხარჯებისთვის. თუ სამიგრაციო სამსახურისგან ღებულობთ დახმარებას, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, მაგალითად, თუ სამუშაო და ხელფასი გაგიჩნდებათ, ან თუ ბინას შეიცვლით, შეატყობინოთ სამიგრაციო სამსახურს. ბინის შეცვლის გამო შესაძლოა საჭირო იყოს თქვენი ფულადი დახმარების ოდენობის შეცვლა. სამიგრაციო სამსახურისთვის მცდარი მონაცემების მიწოდება ან ინფორმაციის დამალვა შეიძლება დანაშაული იყოს, რაც იმას გამოიწვევს, რომ სამიგრაციო სამსახური ასეთ შემთხვევას პოლიციას შეატყობინებს.

სკოლა

თავშესაფრის მაძიებელ ყველა ბავშვს და ახალგაზრდას აქვს უფლება, რომ იაროს საბავშვო ბაღში ან სკოლაში. კომუნა არის პასუხისმგებელი იმისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელ ბავშვებს შეეძლოთ ბაღში და სკოლაში სიარული იმავე პირობებით, რაც არსებობს კომუნაში მცხოვრები სხვა ბავშვებისთვის. იმისათვის, რომ კომუნამ შეძლოს თქვენი ბავშვისთვის სკოლაში ადგილის შეთავაზება, უნდა დათანხმდეთ, რომ სამიგრაციო სამსახურმა კომუნას გადასცეს მონაცემები თქვენი ბავშვის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, მშობლიური ენის და მოქალაქეობის შესახებ, ასევე, საქმის ნომერი. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომუნას და აცნობოთ, რომ თქვენი სურვილია, რომ ბავშვმა საბავშვო ბაღში თუ სკოლაში იაროს.

თქვენ, როგორც სრულწლოვანს, მხოლოდ შვედეთში ბინადრობის უფლების მიღების შემდეგ შეგიძლიათ, რომ იმიგრანტებისთვის შვედურის შემსწავლელ კურსებზე (sfi) დაიწყოთ სიარული. სანამ თავშესაფრის მაძიებელი ხართ და საქმის განხილვა მიმდინარეობს, შეგიძლიათ შვედური ისწავლოთ რომელიმე ნებაყოფლობითი ორგანიზაციის ან სასწავლო გაერთიანების დახმარებით, რომლებსაც აქვთ შვედური ენის შემსწავლელი წრეები. იკითხეთ მიმღებ განყოფილებაში, თუ რა შესაძლებლობებია შვედურის შესასწავლად იმ რეგიონში, სადაც თქვენ ცხოვრობთ.

ნებაყოფლობითი ორგანიზაციები

ნებაყოფლობითი ორგანიზაციები, სასწავლო გაერთიანებები და ეკლესიები ბევრგან ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებას თავშესაფრის მაძიებლებისთვის. სამიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს შეუძლიათ მოგაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ორგანიზაციები არსებობს იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ. პატარა დასახლებებში შეიძლება ყველა ორგანიზაცია არ იყოს წარმოდგენილი. ჰკითხეთ მიმღებ განყოფილებას, თუ დაინტერესებული ხართ რომელიმე კონკრეტული მიმართულების ორგანიზაციასთან კონტაქტით.

თავშესაფრის საკითხის გამოკვლევა

თავშესაფრის საკითხის გამოკვლევის (ინტერვიუს) დროს გექნებათ საშუალება რომ თარჯიმნის მეშვეობით დაწვრილებით მოყვეთ, თუ რა მიზეზით გჭირდებათ თავშესაფარი და რატომ ითხოვთ მფარველობას შვედეთისგან. თქვენ ყველაზე უკეთესად იცით, თუ რატომ დატოვეთ თქვენი ქვეყანა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოყვეთ ყველაფრი, რაც შეგემთხვათ თქვენს ქვეყანაში და რაც, თქვენი აზრით, შეგემთხვევათ, თუ იძულებული გახდებით, რომ ისევ იქ დაბრუნდეთ. უნდა ილაპარაკოთ იმის შესახებ, რაც სწორედ თქვენ შეგემთხვათ და არა მხოლოდ ზოგადად თქვენს სამშობლოში არსებულ სიტუაციაზე.

სამიგრაციო სამსახურს მხოლოდ მაშინ შეუძლია თქვენი აქ ჩამოსვლის მიზეზების სწორად შეფასება, თუ თქვენ იტყვით ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანი იყო თქვენი გადაწყვეტილებისთვის, რომ ქვეყანა დაგეტოვებინათ. საქმის მწარმოებელიც დაგისვამთ შეკითხვებს, რომ ყველაფერი გაარკვიოს, რასაც მნიშვნელობა აქვს თქვენი განცხადების განხილვისას.

თუ გაქვთ რაიმე დოკუმენტი ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ამყარებს თქვენ ნაამბობს, თან იქონიეთ თავშესაფრის საკითხის გამოკვლევისას. თუ საჭირო იქნება, სამიგრაციო სამსახური თვითონ ათარგმნინებს თქვენს მიერ წარმოდგენილ მასალას.

საკითხები, რაზეც რთულია საუბარი

არის ისეთი საკითხები, რაზეც რთულია ლაპარაკი, მაგრამ შეიძლება სწორედ ეს საკითხები იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. საქმის მწარმოებელი იცავს გაუთქმელობას და შეუძლია, რომ თქვენი ნაამბობი გააცნოს მხოლოდ თავის იმ თანამშრომლებს, რომლებიც თქვენს საქმეზე მუშაობენ. თარჯიმანიც იცავს გაუთქმელობას, ისევე, როგორც საქმის მწარმოებელი. ინტერვიუს დროს შეგიძლიათ ითხოვოთ შესვენება.

თუ გირჩევნიათ, რომ საქმის მწარმოებელი ქალი იყოს, ან კაცი, ეს გამოკითხვამდე დროულად უნდა განაცხადოთ.

იურიდიული დახმარება

თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობას აქვს უფლება, რომ დაუნიშნონ სახაზინო დამცველი. თუ თქვენ გაქვთ უფლება, რომ სახაზინო დამცველი გყავდეთ, სამიგრაციო სამსახური შეგირჩევთ იურიდიული განათლების მქონე პირს, რომელიც დაიცავს თქვენს ინტერესებს და გაგიწევთ იურიდიულ დახმარებას იმ ხნის განმავლობაში, სანამ თქვენი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

დამცველს სამიგრაციო სამსახური გინიშნავთ და გასამრჯელოსაც სამიგრაციო სამსახური უხდის, მაგრამ დამცველი მუშაობს როგორც სამიგრაციო სამსახურისგან, ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისგან დამოუკიდებლად. თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონ შესთავაზოთ, თუ ვის ისურვებდით თქვენს დამცველად, ან თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი დამცველი ქალი იყოს, ან კაცი. ეს ყველაფერი ინტერვიუმდე დიდი ხნით ადრე უნდა განაცხადოთ. თუ სამიგრაციო სამსახური არ დაგინიშნავთ სახაზინო დამცველს, გაქვთ უფლება, რომ აიყვანოთ კერძო დამცველი, რომელსაც თქვენ თვითონ გადაუხდით გასამრჯელოს.

თარჯიმნის სამუშაო და როლი

სამიგრაციო სამსახურთან შეხვედრების დროს ხშირად მონაწილეობს თარჯიმანი, რომელიც თარგმნის ყველაფერს. თარჯიმანი ზოგჯერ იმავე ოთახშია, სადაც საუბრობთ, ზოგჯერ კი ტელეფონზე ან ვიდეოლინკზე. გაითვალისწინეთ, რომ ხანდახან უნდა შეჩერდეთ და თარჯიმანს მისცეთ საშუალება, რომ ყველაფრის თარგმნა მოასწროს. როცა თარჯიმანი თარგმნის, თქვენ გაჩუმდით და საუბარი გააგრძელეთ მაშინ, როცა თარჯიმანი გაჩუმდება.

თარჯიმნები ემორჩილებიან გარკვეულ წესებს. თარგმანის დაწყებამდე თარჯიმანმა ორივე მხარეს უნდა წარუდგინოს თავისი თავი და გააცნოს თავისი როლი, გაუთქმელობის მოვალეობა და მოვალეობა, რომ უნდა თარგმნოს ყველაფერი, რაც ოთახში ითქმება. თარჯიმანი თარგმნის ყველაფერს, არა აქვს უფლება, რომ რამე დაამატოს ან გამოტოვოს. თარჯიმანი უნდა იყოს ნეიტრალური, ე. ი. არ უნდა გამოხატოს თავისი აზრი პოლიტიკაზე, რელიგიაზე, ან სხვა საკითხზე. თარჯიმანი უნდა იყოს მიუმხრობელი. ეს ნიშნავს, რომ თარჯიმანი არ უნდა ჩაერიოს საუბარში, არ უნდა სცადოს ვინმეს მიხმარება, არ უნდა გამოხატოს, რომ ემხრობა საუბრის მონაწილეთაგან რომელიმე მხარეს.

თუ ვერ გებულობთ თარჯიმნის ნათქვამს, ან სხვა რაიმე მიზეზით მოცემულ თარჯიმანთან თავს მოუხერხებლად გრძნობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვათ. გაქვთ უფლება, რომ შეაწყვეტინოთ შეხვედრა და მოითხოვოთ სხვა თარჯიმანი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ ქალი თარჯიმანი ან კაცი თარჯიმანი გირჩევნიათ, შეხვედრის თარიღამდე რაც შეიძლება ადრე უნდა განაცხადოთ თქვენი სურვილი.

გადაწყვეტილება

თუ ბინადრობის უფლება მიიღეთ

თუ დადებითი პასუხი და ბინადრობის უფლება მიიღეთ, შეგიძლიათ იცხოვროთ და იმუშაოთ შვედეთში. როცა ბინადრობის უფლებას მიიღებთ, უნდა მიაკითხოთ საგადასახადო სააგენტოს, რომ ჩაეწეროთ შვედეთში და მიიღოთ შვედური პირადი ნომერი. სამიგრაციო სამსახური გასცემს შვედეთში ბინადრობის დამადასტურებელ ბარათს, რომელიც არის დამამტკიცებელი საბუთი, რომ გაქვთ შვედეთში ბინადრობის უფლება. ამ ბარათს სამიგრაციო სამსახური გაუგზავნის თქვენს მიმღებ განყოფილებას.

Perma­nent eller tids­be­gränsat uppe­hålls­till­stånd

ბინადრობის უფლების ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც შვედეთში თავშესაფრის მაძიებელს შეიძლება მიენიჭოს, არის დროებითი ბინადრობის უფლება ერთი ან სამი წლით.

თითქმის ყველას, ვისაც 2016 წლის 20 ივლისამდე ენიჭებოდა შვედეთში ლტოლვილის სტატუსი, ან ალტერნატიული მიზეზით დაცვის საჭიროების, ან სხვა მიზეზით დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსი, მაშინვე ეძლეოდათ მუდმივი ბინადრობის უფლებაც შვედეთში.

2016 წლის 20 ივლისს შვედეთში ამოქმედდა ახალი კანონი. ამ კანონის მიხედვით, ის, ვინც მიიღებს ლტოლვილის სტატუსს 2016 წლის 20 ივლისს, ან ამ თარიღის შემდეგ, მიიღებს შვედეთში დროებითი ბინადრობის უფლებას სამი წლით.

ის, ვინც მიიღებს ალტერნატიული მიზეზით დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსს 2016 წლის 20 ივლისს, ან ამ თარიღის შემდეგ, მიიღებს შვედეთში დროებითი ბინადრობის უფლებას 13 თვით.

ის, ვინც 17-იდან 24 წლამდე ასაკისაა და გიმნაზიაში სწავლობს, გარკვეული წინაპირობების შემთხვევაში მიიღებს შვედეთში დროებითი ბინადრობის უფლებას გახანგრძლივებული ვადით, რომ შეძლოს გიმნაზიის დამთავრება.

ბავშვებისთვის და ბავშვიანი ოჯახებისთვის, ვინც თავშესაფარი მოითხოვა არაუგვიანეს 2015 წლის 24 ნოემბრისა, არის შესაძლებლობა, რომ მიიღონ მუდმივი ბინადრობის უფლება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სამიგრაციო სამსახურის მიერ გადაწყვეტილების დაწერის დღისთვის ოჯახის წევრ ბავშვებს ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი.

შეზღუდული შესაძლებლობები ოჯახის გაერთიანებისთვის

ვისაც ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებენ, ექნება ოჯახის გაერთიანების უფლება.

ვინც მიიღო ალტერნატიული მიზეზით დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსი და თავშესაფარი მოითხოვა არაუგვიანეს 2015 წლის 24 ნოემბრისა, აქვს ოჯახის გაერთიანების შესაძლებლობა. მაგრამ მას, ვისაც ალტერნატიული მიზეზით დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსი აქვს და თავშესაფარი მოითხოვა 2015 წლის 24 ნოემბრის შემდეგ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აქვს ოჯახის გაერთიანების შესაძლებლობა.

ბინადრობის უფლების გაგრძელება

თუ დადებით პასუხი მიიღეთ და შვედეთში დროებითი ბინადრობის უფლება მოგანიჭეს, როდესაც თქვენი დროებითი ბინადრობის უფლების ვადა იწურება, შეგიძლიათ ითხოვოთ აქ ცხოვრების ვადის გაგრძელება. მნიშვნელოვანია, რომ მოასწროთ ვადის გაგრძელების თხოვნა მანამ, სანამ თქვენს საბუთს ვადა გაუვა. ვადის გაგრძელების მოთხოვნის მომენტისთვის ვადის გასვლამდე არ უნდა იყოს დარჩენილი სამ თვეზე მეტი.

ბინადრობის ვადის გაგრძელება შეგიძლიათ ითხოვოთ, თუ ჯერ კიდევ გესაჭიროებათ დაცვა. არის იმის შესაძლებლობაც, რომ მიიღოთ მუდმივად დარჩენის უფლება, თუ დაამტკიცებთ, რომ გაქვთ სამუშაო ან საკუთარი კომპანია და შეგიძლიათ თქვენი თავის რჩენა, მაგალითად, თქვენსავე კომპანიაში მუშაობით. თუ გიმნაზიაში სწავლობთ და თქვენი ასაკია 17-დან 24 წლამდე, შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში გაგიგრძელონ შვედეთში ცხოვრების უფლება.

თუ უარი გაქვთ

უარი თქვენს განცხადებაზე ნიშნავს, რომ სამიგრაციო სამსახურის შეფასებით თქვენ არა გაქვთ ისეთი დიდი პრობლემა, რომ შვედეთში დაგტოვონ. თუ სამიგრაციო სამსახურისგან უარი მიიღეთ, გაქვთ ორი არჩევანი: ან დაეთანხმებით უარს და გაემგზავრებით სამშობლოში, ან გაასაჩივრებთ.

თუ თავშესაფარზე უარი გაქვთ, გადაწყვეტილებაში წერია, რომ ქვეყანა უნდა დატოვოთ ან რომ ქვეყნიდან უნდა გაგასახლონ. თავშესაფარზე უარი, ჩვეულებრივ, ძალაში შესვლის დღიდან ოთხი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ძალას. თუ ამ ოთხი წლის განმავლობაში თქვენ ისევ ჩამოხვალთ შვედეთში, შეიძლება ისევ უარი გითხრან ქვეყანაში ყოფნაზე და ახლიდან გაგასახლონ. უარის ძალაში შესვლიდან ოთხი წლის განმავლობაში არა გაქვთ უფლება, რომ სამიგრაციო სამსახურს სთხოვოთ თქვენი საქმის თავიდან განხილვა ან დახმარება.

როცა საცხოვრებელში ყოფნის და ეკონომიკური დახმარების მიღების უფლება გიწყდებათ

მას, ვისაც უკვე აქვს საბოლოო უარი თავშესაფარზე, ეკარგება ეკონომიკური დახმარების უფლება. ეს ეხება ყველა სრულწლოვან მაძიებელს, ვინც არ ცხოვრობს 18 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად, რომლის მეურვეც თვითონ არის. ეკონომიკურ დახმარებაში აქ იგულისხმება, მაგალითად, დღიური შემწეობა და საცხოვრებელი ადგილი სამიგრაციო სამსახურის ბინაში. ყოველივე ამის უფლება გიწყდებათ, როცა უარი ძალაში შედის და გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა ამოიწურება, ან როცა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის დანიშნული ვადა ამოიწურება. ეს ნიშნავს, რომ შვედეთი უნდა დატოვოთ.

ბავშვიან ოჯახებს შეუძლიათ დარჩნენ სამიგრაციო სამსახურის დროებით საცხოვრებელში და შეინარჩუნონ ფულადი დახმარება მანამდე, სანამ შვედეთიდან გაემგზავრებიან, ან რაიმე სხვა მიზეზით იქნებიან ამოწერილი მიმღები განყოფილებიდან. თუ უარყოფითი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ შეიტანთ განცხადებას სამუშაო ხელშეკრულების საფუძველზე აქ დარჩენის მოთხოვნით, თქვენ ამოგწერენ მიმღები გამყოფილებიდან, ამასთანავე შეგიწყდებათ ეკონომიკური დახმარების მიღების უფლება და სამიგრაციოს საცხოვრებელში ყოფნის უფლება. ეს ეხება თქვენი ოჯახის იმ წევრებსაც, ვინც თქვენთან ერთად ითხოვს აქ დარჩენას.

თუ გასაჩივრება გსურთ

თუ გაასაჩივრებთ, ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს სთხოვთ გადაწყვეტილების გადასინჯვას, მაგრამ გასაჩივრება უნდა ჩააბაროთ სამიგრაციო სამსახურს. თქვენი გასაჩივრება სამიგრაციო სამსახურს მანამდე უნდა ჩააბაროთ, ვიდრე უარყოფითი გადაწყვეტილება ძალაში შევა. გადაწყვეტილება ძალაში შედის სამი კვირის შემდეგ იმ დღიდან, როცა სამიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება გაგაცნეს. თუ გყავთ დამცველი, მას შეუძლია, რომ გასაჩივრებაში დაგეხმაროთ.

თქვენს გასაჩივრებას ჯერ სამიგრაციო სამსახური წაიკითხავს, რომ ნახონ, ხომ არ არის სამიგრაციოს გადაწყვეტილება მცდარი. თუ სამიგრაციო სამსახური თქვენი გასაჩივრების გაცნობის შემდეგაც თვლის, რომ გადაწყვეტილება სწორია და არაფერია შესაცვლელი, ისინი თქვენს გასაჩივრებას გადაუგზავნიან მიგრაციის სასამართლოს, რომ მათ განიხილონ ეს საკითხი. თუ არც მიგრაციის სასამართლოს პასუხი დაგაკმაყოფილებთ, შემდეგ უკვე შეგიძლიათ მიმართოთ მიგრაციის უზენაეს სასამართლოს და სთხოვოთ, რომ მათ განიხილონ თქვენი საქმე.

მიგრაციის უზენაესი სასამართლო განსახილველად იღებს მხოლოდ ზოგიერთ პრინციპულად მნიშვნელოვანი ხასიათის საქმეს, რომელიც შეიძლება მომავალში სახელმძღვანელო მნიშვნელობისა გახდეს გადაწყვეტილებების მიღებისას. თუ მიგრაციის უზენაესი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტს, რომ არ განიხილოს თქვენი საქმე, სამიგრაციო სამსახურის უარი იმავე დღეს შედის ძალაში და იწყებს მოქმედებას.

თუ გასაჩივრება უკვე გაგზავნილი გაქვთ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეთ და გსურთ, რომ გასაჩივრება უკან გამოიტანოთ, აცნობეთ სამიგრაციო სამსახურს, რომ ეთანხმებით უარს, რომელიც სამიგრაციოსგან გაქვთ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო დახურავს თქვენს გასაჩივრებას და აღარ განიხილავს თქვენს საქმეს.

დაბრუნება

თქვენს შესახებ დაწერილი უარის ძალაში შესვლის დღიდან შეიძლება თქვენ გარკვეული ვადა გაქვთ იმისთვის, რომ ნებაყოფლობით დაბრუნდეთ თქვენს ქვეყანაში. სამიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებაში წერია, თუ რა ვადა გაქვთ სამშობლოში დასაბრუნებლად. თქვენ თვითონ ხართ პასუხისმგებელი, რომ ქვეყანა დროულად დატოვოთ. სამიგრაციო სამსახურს უნდა მიმართოთ და შეიძლება ისინი დაგეხმარონ, რომ გაემგზავროთ თქვენს ქვეყანაში ან სხვა ქვეყანაში, სადაც ბინადრობის უფლება გაქვთ. სამიგრაციოს შეუძლია, მაგალითად, დაგეხმაროთ თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებაში, ან დაგიჯავშნონ მგზავრობა.

ზოგ პიროვნებას შეიძლება ეკონომიკური დახმარებაც გაუწიონ იმისთვის, რომ მან შეძლოს თავის ქვეყანაში ყველაფრის თავიდან დაწყება. ზოგს კი ეხმარებიან რეინტეგრაციის ღონისძიებებით, რაც იურიდიულ დახმარებას გულისხმობს, ან ეხმარებიან, რომ ჩაერთოს დასაქმების ბაზარში თავის ქვეყანაში. ჰკითხეთ საქმის მწარმოებელს ე. წ. ახლიდან დაფუძნების დახმარების შესახებ (återetableringsstödet), თუ გსურთ, რომ უფრო მეტი გაიგოთ ამ საკითხზე.

უკან ჩამოსვლის აკძალვა

თუ ქვეყანას არ დატოვებთ იმ ვადაში, რომელიც მითითებულია გადაწყვეტილებაში თქვენს შესახებ, შესაძლებელია, რომ გარკვეული ვადით აგეკრძალოთ აქ ჩამოსვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამგზავრებიდან ერთი წლის ვადით აგეკრძალებათ ჩამოსვლა შენგენის ქვეყნებში, ასევე, ბულგარეთში და რუმინეთში. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თვითონ იყოთ ყურადღებით და არ გამოგრჩეთ, თუ როდის და როგორ უნდა დატოვოთ ქვეყანა.

შეიძლება აქ ჩამოსვლის აკრძალვა ჩაგიწერონ იმ შემთხვევაშიც, თუ სამიგრაციო სამსახური ფიქრობს, რომ თქვენ არ აპირებთ ნებაყოფლობით დაბრუნებას.

თუ გადაწყვეტილებაში გიწერიათ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ამავე დროს გაქვთ აქ ჩამოსვლის აკრძალვაც.

თუ არ თანამშრომლობთ

თუ სამიგრაციო სამსახური ჩათვლის, რომ თქვენ არ თანამშრომლობთ სამშობლოში დაბრუნების საკითხზე, შეიძლება გაგიუქმონ დღიური შემწეობა. სამიგრაციო სამსახურს შეუძლია, აგრეთვე, აგიყვანონ ზედამხედველობის ქვეშ, ან დაგაკავონ სადეპორტაციო განყოფილებაში. ზედამხედველობის ქვეშ აყვანა ნიშნავს, რომ რეგულარულად გამოცხადდებით გარკვეულ დროს და გარკვეულ ადგილზე. შეიძლება მოგთხოვონ თქვენი პასპორტის და სხვა საიდენტიფიკაციო საბუთების ჩაბარებაც. სადეპორტაციოში აყვანა ნიშნავს, რომ იცხოვრებთ ჩაკეტილ შენობაში, რომლის დატოვების უფლებაც არ გექნებათ.

თუ სამიგრაციო სამსახური ჩათვლის, რომ მათთვის შეუძლებელია თქვენი ქვეყნიდან გამგზავრების აღსრულება, რადგან მათთან არ თანამშრომლობთ, შეუძლიათ, რომ თქვენი საქმე გადასცენ პოლიციას და სთხოვონ, რომ პოლიციამ გაგაგზავნოთ ქვეყნიდან. პოლიციას შეუძლია გამოგაცხადონ ძებნილად, გეძებონ თქვენ და გამოიყენონ იძულებითი ღონისძიებები იმისთვის, რომ ქვეყანა დაგატოვებინონ.

ახალი ინფორმაცია

თუ საბოლოო უარის მიღების შემდეგ არის რაიმე ახალი ინფორმაცია, სამიგრაციო სამსახურს შეუძლია, რომ ეს ახალი ინფორმაციაც შეაფასოს და ამის მიხედვით გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა თქვენი გაგზავნა თქვენს ქვეყანაში. შეიძლება თქვენს ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდა, ან შეიძლება თქვენ მოულოდნელად მძიმედ დაავადდით. სამიგრაციო სამსახურმა შეიძლება ეს ახალი ინფორმაცია თავისივე ინიციატივით შეაფასოს, ან თქვენი თხოვნით გააკეთოს ეს.

თუ გსურთ, გაიგოთ უფრო მეტი

თქვენ ბევრ შეხვედრაზე დაგიბარებენ, სადაც გაგაცნობენ ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, სანამ აქ ხართ და თქვენი საქმის გადაწყვეტას ელოდებით.

განცხადებების განყოფილების საქმის მწარმოებელი გაგაცნობთ თუ რა დახმარება შეიძლება გაგიწიონ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ბინა, ეკონომიკა, სამედიცინო მომსახურება და სკოლა ბავშვისთვის.

მას შემდეგ, რაც განცხადებების განყოფილება დაარეგისტრირებს თქვენს განცხადებას აქ თავშესაფრის, ე. ი. საერთაშორისო დაცვის და მფარველობის მოთხოვნის შესახებ, ჩაგწერენ მიმღებ განყოფილებაში. მიმღები განყოფილება დაგიბარებთ ჯგუფურ ინფორმაციაზე და გაგაცნობენ ადგილობრივ ინფორმაციას, რომელიც გჭირდებათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მიმღები განყოფილება დაგიბარებთ ისეთ შეხვედრებზეც, სადაც გაგაცნობენ, თუ რა სიახლეა თქვენს საქმეში. როდესაც თქვენს საქმეზე გადაწყვეტილება დაიწერება, საქმის მწარმოებელი დაგიბარებთ და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება თქვენთვის და რა უნდა გააკეთოთ.

თუ შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს მიმღებ განყოფილებას, ან დარეკეთ კლიენტთა მომსახურებაში ტელეფონზე 0771-235 235. კლიენტთა მომსახურების სატელეფონო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დრო: 08.00–16.00.

უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.migrationsverket.se/asylum

ამ მისამართზე www.informationsverige.seexternal link, opens in new window შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით ნახოთ, თუ როგორ ფუნქციონირებს შვედური საზოგადოება.

თუ სასწრაფოდ გჭირდებათ პოლიცია, სასწრაფო დახმარების მანქანა, ან სახანძრო მანქანა, დარეკეთ ნომერზე: 112.

თუ პოლიციასთან გსურთ ლაპარაკი ისეთ საქმეზე, რომელიც სასწრაფო არ არის, დარეკეთ ნომერზე: 114 14.

თუ გაქვთ შეკითხვები ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ, დარეკეთ ნომერზე: 1177.

Last updated: 7 January 2021

Was the information on this page helpful to you?